ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა
ყველამ ვიცით, რომ ბინის შეძენა რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. ადამიანის ცხოვრებაში ეს საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია და ყველა აცნობიერებს ფაქტს, რომ ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციაა, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ახორციელებთ. იმისათვის, რომ დროთა განმავლობაში მოიმატოს თქვენ მიერ შეძენილი უძრავი ქონების ღირებულებამ, მას მოვლა-პატრონობა სჭირდება, სწორედ ამ მიზნით იქმნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.
ახალაშენებული კორპუსის მოსახლეობა ქმნის ამხანაგობას და ბინათმესაკუთრეთა საერთო ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად საკონტაქტოდ ირჩევენ კორპუსის თავმჯდომარეს, რომელიც არჩეული უნდა იყოს მობინადრეთა ხმათა უმრავლესობით. სწორედ კორპუსის თავმჯდომარემ უნდა გადმოიბაროს დეველოპერული კომპანიის მიერ შესრულებული ჩაბარების პირობებში მითითებული სამუშაოები (მოპირკეთებული გარე ფასადი, კეთილმოწყობილი ეზო, გამართულად მომუშავე ლიფტი, მოწესრიგებული სადარბაზო, გარე განათება და მოწყობილი ავტოფარეხი).
კომპანიის მიერ თავმჯდომარისთვის გადაბარებულ საერთო ქონებას კი მოვლა სჭირდება:
- ტერიტორიის უსაფრთხოება - უსაფრთხოების კამერების დამონტაჟება და დაცვის თანამშრომლის აყვანა ან დაცვის სამსახურის დაქირავება;
- გამწვანება - საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში დარგული ხე-მცენარეების მოვლა;
- ავტოსადგომი - მოვლა-დასუფთავება;
- ლიფტი - სერვის კომპანიის დაქირავება, რომლის მოვალეობაც იქნება დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთება და სხვა ზედამხედველობითი სამუშაოების ჩატარება, ასევე დომოფონი და ჩიპების საკითხი, რომლის მოგვარებაც კომპანიის ვალდებულებაა;
- წყლის ტუმბო - ჩაბარება და მოვლა;
- გარე განათება - ჩაბარება და მოვლა;
- საერთო სივრცის კომუნალური გადასახადები - სადარბაზოს, ავტოფარეხისა და ეზოს განათება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტის სწორად მართვა უზრუნველყოფს საცხოვრებელი კომპლექსის ღირებულების ზრდასა და მის განვითარებას. იცხოვრეთ სუფთა, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში. სწორედ მობინადრეებს შეუძლიათ ეფექტურად გადაწყვიტონ ამ საერთო სარგებლობის ქონების მოვლა-პატრონობასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს;
ამხანაგობის ჩამოყალიბება და თავმჯდომარის არჩევა - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე. ისეთ მრავალბინიან საცხოვრებელში, რომელშიც სადარბაზოთა რაოდენობა ორს აღემატება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს შეუძლია თითო სადარბაზოში დანიშნოს წარმომადგენელი, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით.
ეფექტური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია თითოეულ სადარბაზოს ჰყავდეს თითო წარმომადგენელი, ხოლო ამ წარმომადგენლობიდან, ისევე როგორც ამხანაგობის სხვა წევრებიდან, შეიძლება შეირჩეს ერთი თავმჯდომარე;
თავმჯდომარის ფუნქციები - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, ის შესაძლოა არჩეულ იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებიდან ან იყოს მოწვეული მმართველი;
თავმჯდომარის მოვალეობები - მოიწვიოს და წარუძღვეს ამხანაგობის წევრთა კრებას; ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით მიიღოს აუცილებელი ზომები საერთო ქონების სათანადო მოვლა-პატრონობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გასხვისება, გაქირავება, იჯარით გაცემა, დაგირავება; უზრუნველყოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და განვითარებისათვის შესაბამისი სერვის კომპანიის ან ფიზიკური პირების დაქირავება და მათთან ხელშეკრულებების დადება; განსაზღვროს სამეურნეო ხარჯები მიმდინარე წლისათვის ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით განსაზღვროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხარჯები მიმდინარე სამეურნეო წლისთვის; უზრუნველყოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სამშენებლო, ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარული და სხვა წესებისა და ნორმების დაცვა; დაიცვას ბინათმესაკუთრეთა მოთხოვნები.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიება სრულდება მხოლოდ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. თავმჯდომარეს შეუძლია აიღოს სხვა ვალდებულებებიც - მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი წინასწარ იქნება გაწერილი ამხანაგობის მიერ მიღებულ წესდებაში. თავმჯდომარის არყოფნისას ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისივე დავალებით თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უპირატესობები - მუნიციპალურ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა; საერთო პრობლემების გადაჭრა ან/და საერთო ქონების განვითარება-გაუმჯობესება თანადაფინანსების გზით; გამარტივებული ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან და კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში; ამხანაგობისა და მისი წევრების კუთვნილი ქონების საბაზრო ღირებულების შენარჩუნება და ზრდა რეგულარული მოვლა-პატრონობის ღონისძიებების ჩატარების გზით; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა; წესდების შექმნის შესაძლებლობა, რომელიც განსაზღვრავს ამხანაგობის წევრთა უფლება-მოვალეობებს (წესდების არ არსებობის შემთხვევაში ყველა ქმედება ხორციელდება საქართველოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონში გაწერილი პუნქტების შესაბამისად).
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მთავარ ამოცანას საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობა, ექსპლუატაცია და განვითარება წარმოადგენს.