ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა
ყველამ ვიცით, რომ ბინის შეძენა რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. ადამიანის ცხოვრებაში ეს საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია და ყველა აცნობიერებს ფაქტს, რომ ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციაა, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ახორციელებთ. იმისათვის, რომ არ დაეცეს და პირიქით დროთა განმავლობაში მოიმატოს თქვენ მიერ შეძენილი უძრავი ქონების ღირებულებამ, მას მოვლა პატრონობა სჭირდება, სწორედ ამ მიზნით იქმნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.
ახალაშენებული კორპუსის მოსახლეობა ქმნის ამხანაგობას და ბინათმესაკუთრეთა საერთო ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად საკონტაქტოდ ირჩევენ კორპუსის თავმჯდომარეს, რომელიც არჩეული უნდა იყოს მობინადრეთა ხმათა უმრავლესობით. სწორედ კორპუსის თავმჯდომარემ უნდა გადმოიბაროს დეველოპერული კომპანიის მიერ შესრულებული ჩაბარების პირობებში მითითებული სამუშაოები (მოპირკეთებული გარე ფასადი, კეთილმოწყობილი ეზო, გამართულად მომუშავე ლიფტი, მოწესრიგებული სადარბაზო, გარე განათება და მოწყობილი ავტოფარეხი).
თავმჯდომარის მიერ გადმობარებულ საერთო ქონებას კი მოვლა სჭირდება:
- ტერიტორიის უსაფრთხოებას - უსაფრთხოების კამერების დამონტაჟება და დაცვის თანამშრომლის აყვანა ან დაცვის სამსახურის დაქირავება;
- გამწვანებას - საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში დარგული ხე-მცენარეების მოვლა;
- ავტოსადგომს-მოვლა- დასუფთავება;
- ლიფტს- სერვისს კომპანის დაქირავება, რომელის მოვალეობაც იქნება დაზიანების შემთხვევაში შეკეთება და სხვა საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარება, ასევე დომოფონი და ჩიპების საკითხიც;
- წყლის ტუმბოს- ჩაბარება და მოვლა;
- გარე განათებას- ჩაბარება და მოვლა;
- (საერთო სივრცის კომუნალური გადასახადები- სადარბაზოს, ავტოფარეხის და ეზოს განათება).
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტის სწორი მართვა უზრუნველყოფს საცხოვრებელი კომპლექსის ღირებულების ზრდას და მის განვითარებას. იცხოვრეთ სუფთა, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში. სწორედ ბინათმესაკუთრეებს შეუძლიათ ეფექტურად გადაწყვიტონ ამ საერთო სარგებლობის ქონების მოვლა-პატრონობასთან და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება: - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს;
ამხანაგობის ჩამოყალიბება და თავმჯდომარის არჩევა - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე; - ისეთ მრავალბინიან საცხოვრებელში, რომელშიც სადარბაზოთა რაოდენობა ორს აღემატება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს შეუძლია თითო სადარბაზოში დანიშნოს წარმომადგენელი, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით;
ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია თითოეულ სადარბაზოს ჰყავდეს თითო წარმომადგენელი, ხოლო ამ წარმომადგენლობიდან, როგორც ამხანაგობის სხვა წევრებიდან შეიძლება შეირჩეს ერთი თავმჯდომარე;
თავმჯდომარის ფუნქციები: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, ის შესაძლოა არჩეულ იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებიდან ან იყოს მოწვეული მმართველი.
მის მოვალეობებში შედის: - მოიწვიოს და წარუძღვეს ამხანაგობის წევრთა კრებას; - ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით მიიღოს აუცილებელი ზომები საერთო ქონების სათანადო მოვლა-პატრონობის და განვითარების უზრუნველსაყოფად; - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გასხვისება, გაქირავება, იჯარით გაცემა, დაგირავება; - უზრუნველყოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა- პატრონებისთვის, და განვითარებისათვის შესაბამისი სერვისს კომპანიის ან ფიზიკური პირების დაქირავება და მათთან ხელშეკრულებების დადება; - განსაზღვროს სამეურნეო ხარჯები მიმდინარე წლისათვის ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით; - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით განსაზღვროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხარჯები მიმდინარე სამეურნეო წლისათვის; - უზრუნველყოს ბინად მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სამშენებლო, ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარული და სხვა წესებისა და ნორმების დაცვა; - დაიცვას ბინათმესაკუთრეთა მოთხოვნები.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიება სრულდება მხოლოდ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. თავმჯდომარეს შეუძლია აიღოს სხვა ვალდებულებებიც - მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი წინასწარ იქნება გაწერილი ამხანაგობის მიერ მიღებულ წესდებაში. თავმჯდომარის არყოფნისას ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისივე დავალებით თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი.
რა უპირატესობები გააჩნია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას: - მუნიციპალურ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა; - საერთო პრობლემების გადაჭრა ან/და საერთო ქონების განვითარება -გაუმჯობესება თანადაფინანსების გზით; - გამარტივებული ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან და კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში; - ამხანაგობისა და მისი წევრების კუთვნილი ქონების საბაზრო ღირებულების შენარჩუნება და ზრდა რეგულარული მოვლა-პატრონობის ღონისძიებების ჩატარების გზით; - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის,და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა; - წესდების შექმნის შესაძლებლობა, რომელიც განსაზღვრავს ამხანაგობის წევრთა უფლება -მოვალეობებს (წესდების არ ქონის შემთხვევაში ყველა ქმედება ხორციელდება საქართველოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონში გაწერილი პუნქტების შესაბამისად).
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმთავრეს ამოცანას საერთო საკუთრების მოვლა -პატრონობა, ექსპლუატაცია და განვითარება წარმოადგენს.