*7171
back-arrow
უძრავი ქონება ევროპაში
23.07.2024 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

უძრავი ქონება ევროპაში

ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, უძრავი ქონების ბაზარი ევროპაშიც ვითარდება და განაგრძობს ზრდას. 2023 წლის კვლევით ბაზრის საერთო ზომა 1.95 ტრილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა და სავარაუდოდ 2029 წელს 2.43 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ბოლო ათწლეულების მანძილზე დასავლეთ ევროპაში ცხოვრების დონე საგრძნობლად გაუმჯობესდა, მოსახლეობა კი გაიზარდა, რამაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდას შეუწყო ხელი. საგულისხმოა, რომ მოსახლეობის დაბერების ტენდენციამ შინამეურნეობის საშუალო ზომის შემცირება გამოიწვია (ოჯახის წევრთა რაოდენობა შემცირდა, რადგან რამდენიმე თაობა ერთ სახლში აღარ ცხოვრობს).

მიუხედავად დემოგრაფიული ფაქტორებით გამოწვეული მაღალი მოთხოვნისა, ევროპის ბევრ ქალაქს უჭირს ახალი საცხოვრებლების შეთავაზება. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ დეფიციტის ნიშნებიცაა. სამშენებლო სექტორი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორისაა დაფინანსების ნაკლებობა, ხანგრძლივი დაგეგმვის პროცესები და ა.შ. ყველაფერთან ერთად იზრდება ცხოვრების ღირებულება, რაც საცხოვრისზე ხელმისაწვდომობის შემცირებას განაპირობებს. მოსალოდნელია კიდევ უფრო გამწვავდეს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსი.

ევროკავშირში მოსახლეობის 69% ფლობს საკუთრებაში საცხოვრისს, 31% ნაქირავებში ცხოვრობს (შედარებისთვის საქართველოში ბინათმფლობელობის მაჩვენებელი ეროვნულ დონეზე 91.3%, ხოლო თბილისში 84.5%-ია). უფრო დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებში: საფრანგეთში 64%, გერმანიაში 49%, შვეიცარიაში კი 42%. 1 კვ.მ. ბინის ღირებულება ქვეყნების, რეგიონებისა თუ ქალაქების მიხედვით ძლიერ განსხვავდება. მაგალითად გერმანიაში როგორც წესი 3000-დან 8000 ევრომდე მერყეობს. პარიზში 10,000 ევროს აღემატება. იტალიაში და ბალტიურ ქვეყნებში კი 2000-დან 3000 ევრომდე მერყეობს. ყველაზე იაფი კი ბალკანეთის ქვეყნებშია.

ზოგადად, საცხოვრისზე ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელი ბელგიაში და დანიაშია. ბინის საყიდელ ფულს ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა ვადაში გამოიმუშავებენ:

  • ბელგიაში 4.3 წელი;
  • დანიაში 5 წელი;
  • იტალიაში 6.2 წელი;
  • ბრიტანეთში 7 წელი;
  • პოლონეთში 8 წელი.

ყველაზე მეტი ბინა საფრანგეთში (482 ათასზე მეტი) და პოლონეთში (238 ათასზე მეტი) აშენდა. 1950-1970-იან წლებში მთელს ევროპაში მიმდინარეობდა მასობრივი სოციალური საბინაო მშენებლობა. ათიათასობით პანელის შენობა აშენდა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში. საჯარო საცხოვრისის პროგრამები დღემდე არ კარგავენ აქტუალობას. ნიდერლანდების საბინაო ფონდის 34% სწორედ საჯარო საცხოვრისებს უკავია. როგორც წესი საჯარო საცხოვრებლები ადგილობრივი თვითმართველობების ან სახელმწიფოს სუბსიდირებით კერძო კომპანიების მიერ შენდება. ბინები საბაზრო ფასში ან სხვა შეღავათებით გადაეცემათ მოქალაქეებს. ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე ზრუნავს ქირით მყოფ ოჯახებზე და მათ მინიმალურ ფასად სთავაზობს თავშესაფარს. 1980 წელს გაერთიანებულ სამეფოში, ტეტჩერის მთავრობამ მიიღო აქტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალურ ბალანსებზე არსებული საცხოვრებლები, რომელთაც აქირავებდნენ, მობინადრეებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით გადაეცათ.

უკანასკნელ პერიოდში სტაბილურად იზრდება მოთხოვნა ქალაქგარეთ რურალურ ზონებში დასახლებით (როგორც წესი ცენტრიდან 20 კმ-ის დაშორებით). ადამიანებს სურთ სოფლებში სახლები შეიძინონ, სხვადასხვა პროგრამები მათ ამის სტიმულს აძლევს. ამ ყველაფერმა ქალაქგარეთ მიწის ღირებულება გაზარდა. მიწის ნაკვეთისა და სახლების ფასის ზრდის ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება. დასავლური სახელმწიფოების უმრავლესობა გამოირჩევა დაბალი იპოთეკური კრედიტის პროცენტით. ევროპის ქვეყნებში ის ჩვეულებრივ ერთნიშნაა და 2-დან 7%-მდე მერყეობს (საქართველოში საშუალო მაჩვენებელი 11.5%-ია).

დიდი სახლი - როგორ დავგეგმოთ ინტერიერი?

დიდი ზომის ბინის ინტერიერის დაგეგმვა შესაძლებლობებით სავსე და ამავდროულად გამოწვევებით აღსავსე პროცესია

რა მნიშვნელობა აქვს საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა - პატრონობას?

ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში

სტუდიოს ტიპის ბინა - კომპაქტური ცხოვრების ხელოვნება

თანამედროვე გარემოში, სადაც სივრცე სულ უფრო დეფიციტური და ძვირადღირებული ხდება

რატომ უნდა იცხოვრო დუპლექსის ტიპის ბინაში?

დუპლექსის ტიპის ბინები წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ინოვაციურ მიღწევას

რა უნდა ნახო შეკვეთილში - როგორ გავატაროთ დაუვიწყარი ზაფხული

შეკვეთილი, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტია