სამშენებლო სტანდარტები
41-ე დადგენილება არის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებისთვის საჭირო წესების ერთობლიობა, რომელიც სამშენებლო კოდექსში შედის, ეს უკანასკნელი კი ახალი ვერსიით 2019 წლიდან ამოქმედდა. საქართველოს პარლამენტმა 41-ე დადგენილებას მხარი 2016 წელს დაუჭირა და ძალაში 2017 წელს შევიდა. დადგენილება საკმაოდ ვრცელია (21 თავი) და ადგენს უსაფრთხოების სტანდარტებს, რომელსაც ყველა არქიტექტურული თუ დეველოპერული კომპანია მიჰყვება. მსგავსი დადგენილებები დასავლური სამყაროს ყველა სახელმწიფოშია. ქართული საკანონმდებლო რეგულირების ჩარჩო, უფრო ამერიკულ მოდელურ სამშენებლო ნორმებს წააგავს. კანონის მოქმედება ვრცელდება III, IV და V კლასის ობიექტების მშენებლობასა და მოვლა- პატრონობაზე. ამ კლასის დაქვემდებარებაში არიან მარკეტები, კომერციული დაწესებულებები, სამრეწველო ობიექტები, კორპუსები თუ საცხოვრებელი სახლები.
დადგენილება მკაცრ სტანდარტებს აწესებს, რომლის დაცვაც ყველა მშენებელისთვის სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოლიდურ სანქციებს ითვალისწინებს. სწორედ ამ დადგენილების მეშვეობით არის თანამედოვე კორპუსები უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო, ვიდრე საბჭოთა პანელური შენობები. მაგალითად:
- თუ ძველ კორპუსებში დერეფნიდან პირდაპირ კიბეზე გავდივართ, ახალი სტანდარტით კიბე უნდა იყოს გამოყოფილი, დაცული სივრცე;
- ასევე უნდა არსებობდეს დამატებითი საავარიო გასასვლელი. ეს თავიდან აგვაცილებს ხანძრის დროს სართულის გადატვირთვას და დესტრუქციას. სახანძრო უსაფრთხოების სისტემა უზრუნველყოფს ხანძრის სწრაფად გავრცელების შეკავებას (ხანძრის კერების დალუქვა და იზოლაცია სხვა სექციებისგან). ნაგებობათა ჯგუფის მიხედვით ეს წესები განსხვავდება;
- საფრთხე სწრაფად უნდა ეცნოს ადამიანებს ხმოვანი განგაშის შეტყობინების დანადგარით. ჭერში ჩაყენებული უნდა იყოს ფარსაკეტი, რაც ხელს უწყობს ცეცხლმედეგობას. ეს მექანიზმი, ჰაერის შემშვები/გამშვები ღიობების საშუალებით ავტომატურად ზღუდავს გამოსხივებული სითბოს გადაცემას;
- პროექტში დაგეგმარებული უნდა იყოს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და მიდგომისთვის საჭირო გზა, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი;
- გზის თავისუფალი სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 6 მეტრისა;
- შენობებს შიგნით უნდა იყოს ცეცხლმაქრი საშუალება, მათ შორის ხანძრის ქაფით ჩამქრობი სისტემა. ეს სპეციალური სისტემა, დასაცავ ზონაში მექანიკურად ან ქიმიურად უშვებს კონცენტრანტებისგან მიღებულ ქაფს;
- შენობა უნდა იყოს სეისმომედეგი, რაც ნიშნავს, რომ უნდა უძლებდეს 8 ბალამდე სიმძლავრის მიწისძვრას, რადგან სეისმური საშიშროების რუკის მიხედვით თბილისი 7-8 ბალიან მიწისძვრათა რისკის ზონაშია.
დადგენილებაში შეტანილია მასალების სახეობები და მათი გამოყენების წესები შენობის კონკრეტულ მონაკვეთებში. გამოიყოფა 10 ნაგებობათა ჯგუფი:
- თავშეყრის;
- საქმიანი;
- საგანმანათლებლო;
- სამრეწველო;
- დიდი საფრთხის შემცველი;
- დაწესებულებითი;
- სავაჭრო;
- საცხოვრებელი;
- სასაწყობო;
- დამხმარე;
- სხვა დანიშნულების.
იგი ვრცელდება განაშენიანების ჯამური 300 კვ.მ.-ზე მეტი ფართობის და გრუნტის ზედაპირიდან 4 მეტრზე მეტი ჩაღრმავების მქონე შენობებზე. რეგულირდება სართულების იატაკის დონეები, გასასვლელი საშუალების ზომა და განათებულობა.
დადგენილება გარდა დაგეგმარებისა და მშენებლობისა, ვრცელდება შენობის მოვლა-პატრონობაზეც. რეგულაცია ეხება ლიფტებსაც, რომელთა ექსპლუტაციაში მიღება შენობისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ლიფტს უნდა ჰქონდეს გენერატორი, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, შეუფერხებლად უზრუნველყოფს მის მოძრაობას უახლოეს სართულამდე.
ასევე ეზოებისა და შიგა ეზოების მოწყობა, საპარკინგე სივრცეებისთვის ადგილი და სხვა. ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სათამაშო სივრცეები უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სტანდარტებს.
41-ე დადგენილებით გამართული შენობა-ნაგებობები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. შენობებში უნდა იყოს პანდუსები, შშმ პირთა ეტლებისა და თანმხლები პირების დასაჯდომისთვის განკუთვნილი სივრცეებისთვის დაკავებულობის დატვირთვის დაანგარიშება, სულ ცოტა 2 მისაწვდომი გასასვლელი საშუალება ეტლით მოსარგებლისათვის, მანიშნებლების ქონა, რომელიც იძლევა შესაბამის მითითებებს.