*7171
back-arrow
როგორი იყო თბილისი ადრე - დედაქალაქის ურბანული განვითარების ისტორია
13.06.2024 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

როგორი იყო თბილისი ადრე - დედაქალაქის ურბანული განვითარების ისტორია

თბილისი ურბანულად ყველაზე მჭიდრო ადგილია საქართველოში. უახლესი მონაცემებით დედაქალაქში 1.2 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 33%-ს შეადგენს. ქალაქის ისტორია, როგორც ყველასთვის ცნობილია მე-5 საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდიდან მოყოლებული მისი ურბანული სახე არაერთხელ შეიცვალა. 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის გამანადგურებელი ლაშქრობის შემდეგ ქალაქი სერიოზულად დაზიანდა, მოსახლეობა კი განახევრდა. სწორედ ამის შემდეგ მე-19 საუკუნიდან იწყება თბილისის ფაქტობრივად ახლიდან მშენებლობა. თბილისის ურბანული ფორმა საკმაოდ უცნაურია - მდინარის გასწვრივ, გრძივადაა განლაგებული. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ქალაქი კვლავ გრძივად განაგრძობდა განვითარებას, ამჯერად მეტროპოლიტენის ხაზების გარშემო.

თბილისი, ამავე სახელწოდების ქვაბულში მდებარეობს, როგორც ცალკე ტერიტორიული ერთეული. თბილისის რელიეფი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი ისტორია. დედაქალაქი 2014 წლიდან ოფიციალურად 10 ადმინისტრაციულ ერთეულად, რაიონად იყოფა:

  • მთაწმინდა;
  • ვაკე;
  • საბურთალო;
  • კრწანისი;
  • ისანი;
  • სამგორი;
  • ჩუღურეთი;
  • დიდუბე;
  • ნაძალადევი;
  • გლდანი.

რაიონები იყოფა უბნებად. თბილისის მასობრივი განაშენიანება და ახალი უბნებისა თუ საცხოვრებელი მასივების წარმოქმნა გასულ საუკუნეში, საბჭოთა პერიოდს უკავშირდება.

თბილისი

საბჭოთა დროს, თბილისის პირველი დაგეგმარება მოხდა 1930-იან წლებში. ამ დროს ქალაქს სამრეწველო დატვირთვა არ ჰქონდა და მოიაზრებოდა მხოლოდ ადმინისტრაციულ-კულტურულ ცენტრად. ქალაქი მუდმივად იზრდებოდა, სტუდენტების, სამუშაოს მძებნელთა და მიგრანტების ხარჯზე. მოგვიანებით მისი ინდუსტრიალიზაცია მოხდა. ე.წ. სამამულო ომამდე თბილისში აშენდა მრავალი საცხოვრებელი სახლი, ძირითადად 4-5 სართულიანი სტალინური პროექტის სახელით ცნობილი სახლები, რომლებიც არქიტექტურულად სოციალისტური კლასიციზმის გავლენას განიცდიდნენ. თბილისის ხელახალი დაგეგმარება მოხდა 1960-იან წლებში.

1950-იანი წლების მეორე ნახევარში სსრკ-ში საცხოვრისის სერიოზული დეფიციტი არსებობდა. ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა კომუნალურ სახლებში ცხოვრობდა (ერთ სახლში რამდენიმე ოჯახი, საერთო სივრცეებით). ამ გარემოებებმა უბიძგა ხელისუფლებას მასობრივი სოციალური საცხოვრისების მშენებლობის პროგრამა დაეწყო. ამ პერიოდში ჩნდება ქალაქში ე.წ. "ხრუშჩოვკები". საბჭოთა ურბანული ესთეტიკა ცივი და სტანდარტული იყო. ამ პერიოდის პოლიტიკას შეგვიძლია "ურბანული დიქტატურა" ვუწოდოთ. საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისას მთავარი პრიორიტეტი ეკონომიურობა და სისწრაფე იყო, ამიტომ ძირითადად იყენებდნენ მზა პანელის ბლოკებს. თბილისის ისტორიაში ყველაზე მეტი შენობა 1971-1980 წლებს შორის აშენდა. საქართველოს ერთადერთი მეტროპოლიტენი თბილისში 1950-იანი წლებიდან შენდებოდა და ამოქმედდა 1966 წელს. საბჭოთა სტანდარტებით მეტროს სისტემა მხოლოდ მილიონიან ქალაქს შეეძლო ჰქონოდა, ამიტომ მოსახლეობის ზრდა ხელოვნურადაც ხდებოდა მუშათა კლასის რეგიონებიდან ჩამოყვანის გზით. 1979 წელს მოსახლეობამ პირველად მიაღწია 1 მილიონ ადამიანს.

1990-იან წლებში საბჭოთა დროს აშენებული შენობები თვითნებურმა მიშენებებმა მოიცვა, რამაც თბილისის იერსახე დაამახინჯა. ბოლო 20 წელია დედაქალაქში აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, ახალი ტიპის მონოლითური კორპუსებისა და კომპლექსების სახით. მეტი დომინაცია მოიპოვა მინამ. სამშენებლო სექტორის სწრაფმა ზრდამ გააჩინა საჭიროება სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს გაჩენის, რასაც 2015 წელს 41-ე დადგენილების მიღება მოჰყვა. ამ დადგენილებიდან გამომდინარე დღეს მშენებლობები მკაცრად კონტროლდება, რაც უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს, ვიდრე საბჭოთა პანელური შენობები, რომელთა დიდ ნაწილს ექსპლუტაციის ვადაც კი აქვს გასული.

მე-19 საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში რკინიგზის გაყვანა ხელს უწყობს ახალი უბნების ფორმირებას თბილისში, ასეთია დიდუბე და ნაძალადევი. ეს ორი უბანი რევოლუციონერი მუშების დიდი თავშესაფარი იყო. სახელი დიდუბე, წარმოსდგება სიტყვების „დიდი დუბე“-სგან, რაც ვაკე ადგილს აღნიშნავს. დიდუბე ზემო და ქვემო ნაწილებად იყოფა და თბილისის ფართო ცენტრის ნაწილია, რომელშიც თავმოყრილია უამრავი სავაჭრო-სამრეწველო ობიექტი. ძველი პერიოდიდანვე დიდუბე საინვესტიციო თვალსაზრისით ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნეოდა. 1960-1970-იან წლებში დიდუბის მასობრივი  გრძივი განაშენიანება მოხდა. წერეთლისა და ერისთავის გამზირების გარშემო თავი მოიყარა კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-რეკრეაციულმა ობიექტებმა. ბოლო წლებია შენდება მრავალი ახალი საცხოვრებელი კორპუსი. უბნის განვითარების ხარჯზე უძრავი ქონების ფასები იზრდება. ფუნქციონირებს რამდენიმე ჰექტარზე მოწყობილი ვეტერანთა სახელობის პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკი). დიდუბის რაიონს სამი მეტროსადგური ემსახურება: წერეთელი, გოცირიძე და საკუთრივ დიდუბე.

1970-იან წლებში გაჩნდა გლდანის მასივი. გლდანის პროექტი თემურ ბოჭორიშვილს ეკუთვნის. 2.5 კილომეტრიანი საზოგადოებრივი ღერძის (სადაც თავმოყრილია სხვადასხვა სავაჭრო, კომერციული და ა.შ. ობიექტები) ორივე მხარეს განლაგებულია 10 მიკრორაიონი (I, II, III, IIIა, IV, V, VI, VII, VIII და ა მ/რ). თავდაპირველად გლდანი ტიპურ საძილე უბნად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს ის პრაქტიკულად „ქალაქი ქალაქშია“. გლდანს თავის თვითმყოფადობას სძენს: უამრავი საზოგადოებრივი ობიექტი, მეტრო სადგური, კარგად განვითარებული სატრანსპორტო ხაზი და სავაჭრო ცენტრები. მოსახლეობა დაახლოებით 200,000 ადამიანს შეადგენს, რაც თბილისის მოსახლეობის 15%-ს აღემატება. დასავლეთ საქართველოდან თბილისში გადმოსვლის მსურველთათვის გლდანი ყველაზე სასურველი უბანია. ბოლო წლებში შენდება უამრავი ახალი ტიპის საცხოვრებელი კორპუსი, უძრავ ქონებაზე კი ფასები ყოველდღიურად იმატებს. 

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა უბანია დიდი დიღომი, რომელიც საბურთალოს რაიონის ნაწილია. დიდი დიღომის განაშენიანება 1986-1990 წლების ხუთწლედში უნდა განხორციელებულიყო, მისი სრულად დასრულება ვერ მოხერხდა (აშენდა მხოლოდ პირველი და ნაწილობრივ მეორე მ/რ-ები). დღეს ამ უბანში 50,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. ბოლო წლებია ახალი კორპუსების მშენებლობის ბუმად იქცა დიდი დიღომი, მის დაწინაურებას ხელი შეუწყო ქალაქის შემოსასვლელთან და საუნივერსიტეტო კამპუსებთან სიახლოვემ. დიდი დიღომის განვითარების სხვადასხვა ხედვა არსებობს, მათ შორის საუბარია ტრამვაის ხაზის გაყვნაზე მეტრო სადგურ დიდუბიდან.  

დიდი სახლი - როგორ დავგეგმოთ ინტერიერი?

დიდი ზომის ბინის ინტერიერის დაგეგმვა შესაძლებლობებით სავსე და ამავდროულად გამოწვევებით აღსავსე პროცესია

რა მნიშვნელობა აქვს საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა - პატრონობას?

ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში

სტუდიოს ტიპის ბინა - კომპაქტური ცხოვრების ხელოვნება

თანამედროვე გარემოში, სადაც სივრცე სულ უფრო დეფიციტური და ძვირადღირებული ხდება

უძრავი ქონება ევროპაში

უძრავი ქონების ბაზარი ევროპაშიც ვითარდება და განაგრძობს ზრდას

რატომ უნდა იცხოვრო დუპლექსის ტიპის ბინაში?

დუპლექსის ტიპის ბინები წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ინოვაციურ მიღწევას